
კინო შრომაზე - მშრომელების შერჩეული კინოათეული ზრუნვის შრომაზე
ვეძებთ პარტნიორებს შრომაზე კინო-ფესტივალის ორგანიზებისთვის.
კინო გვეხმარება, რომ დავინახოთ რაღაც, რასაც ჩვენივე თვალებით ვერ ვხედავთ, ის, რისი შემჩნევაც მხოლოდ კინოკამერას შეუძლია.
ინიციატივის ფარგლებში Cinexpress-ის ჯგუფთან და პროფკავშირის წევრებთან ერთად ვეცადეთ კინოს გავლით გაგვეცა პასუხი კითხვაზე: რა არის ზრუნვის შრომა?
ჩვენთვის საინტერესოა ადამიანის ცხოვრებაში შრომის გავლენა, ის თუ როგორია მისი შრომის გამოცდილება სახლში და სამუშაო ადგილზე.
ვიწყებთ მშრომელების შერჩეული პირველი კინოათეულის ჩვენებას და მსჯელობას ზრუნვის შრომის შესახებ. ვიკრიბებით და ვაკვირდებით რას გვიყვება კინო შრომის შესახებ და როგორია სამუშაო ადგილი და ჩვენი შრომა დღეს.
როგორ შევარჩიეთ ფილმები?
საქართველოში მოქმედი კინომკვლევართა გაერთიანება და კინემატოგრაფიული პლატფორმის Cinexpress-ის კოლექტივის წევრებთან ერთად ვიმსჯელეთ ზრუნვის შრომის საკითხზე და დავსახეთ ზრუნვის შრომის მნიშვნელობა კინოში. ასევე პუბლიკაციაში მიმოვიხილეთ კინოში ზრუნვის შრომის პერსპექტივა. Cinexpress-ის კოლექტივის წევრებმა შეადგინეს ფილმების სია, რომელიც სხვადასხვა პერსპექტივით აჩვენებს ზრუნვის შრომის მნიშვნელობას.
სულ შეირჩა 21 ფილმი და წარსდგა ზრუნვის და საოჯახო მშრომელების პროფკავშირის წევრებთან, რათა ფილმების საუკეთესო ათეული მშრომელებს შეერჩიათ. ერთობლივი დახურული კინოჩვენებებზე პროფკავშირის წევრებმა ნახეს და იმსჯელეს ფილმებზე, შემდეგ კი ღია გამოკითხვით და ხმათა უმრავლესობით შეირჩა 10 საუკეთესო ფილმი, რომლის საჯარო ჩვენებაც გადაწყდა;
23 ოქტომბერს, 8 საათზე ვიწყებთ შერჩეული ფილმების ჩვენებას პროფკავშირის სივრცეში, თაბუკაშვილის 14-ში. პირველი ნაჩვენები ფილმი შანტალ აკერმანის ჟან დილმანი იქნება.

კინო აფიშა პერიოდულად გასაჯაროვდება და თვეში 2 ფილმის ჩვენებას დავაანონსებთ.
გეპატიჟებით ყველას, ვისაც შრომაზე ფილმები და მშრომელებთან დისკუსია გაინტერესებთ. ეს იქნება პირველი მცდელობა კინოს გავლით ვილაპარაკოთ ზრუნვის შრომაზე.
აქვე ვაანონსებთ, რომ ვიწყებთ მზადებას შრომის თემაზე კინო-ფესტივალის ორგანიზებისთვის, ნებისმიერ დაინტერესებულ პროფესიულ ჯგუფს და კინოს სფეროში მოღვაწე ადამიანებს ვიწვევთ თანამშრომლობისთვის.
*
CinExpress -ის შესახებ CinExpress კინოს მკვლევრებისგან შემდგარი ჯგუფია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. CinExpress-ის პროგრამერების გუნდს აქვს ფილმების ჩვენების, რეტროსპექტივების მოწყობისა და ორგანიზების უწყვეტი გამოცდილება. ჯგუფის წევრები ყოველკვირეულად აორგანიზებენ კინოჩვენებებს სხვადასხვა ქვეყნის, რეჟისორის და პერიოდის ქართველი მაყურებლისთვის გასაცნობად. კინოს სახლში, უკვე რამდენიმე წელია ასეთი კინოჩვენებები და დისკუსიები უფასოდ ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის. ჯგუფის წევრები იკვლევენ კინოსთან დაკავშირებულ პერსპექტივას და სიახლეებს, მაყურებელთა მხარდაჭერით გამოსცემენ ონლაინ კინო ჟურნალს, ყოველწლიურად მიწვეული არიან ჟიურის წევრებად, მაგალითად ისეთ მნიშვნელოვან კინოფესტივალებზე, როგორიცაა ვენეციის 82-ე კინოფესტივალი (La Biennale di Venezia), ოვერჰაუზენის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი და ბევრი სხვა.
მეტი ამ კოლექტივის და მათი შექმნილი შინაარსის შესახებ იხილეთ აქ: https://cinexpress.ge/



Comments