top of page

კინო და ზრუნვა: ხელოვნებისა და კვლევის როლი ზრუნვის შრომის ხილვადობაში

  • 2 days ago
  • 5 min read

პუბლიკაცია

ავტორები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია


 „მინდოდა ამ დაუფასებელი მოქმედებებისთვის სიცოცხლე მიმენიჭებინა  კინოში“ - "აკერმანი ყოფითი ჟესტების ლექსიკონს ქმნის". - ლორა მალვი შანტალ აკერმანის შესახებ.


ქალი სამზარეულოში ტრიალებს, კამერა აუჩქარებლად, დეტალურად სწავლობს მის მოძრაობებს, აკვიატებითაც კი აკვირდება საჭმლის მომზადების ხანგრძლივ პროცესს, ხორცის ტკეპნას, ოთახიდან ოთახში გადანაცვლებას, შეყოვნებას, ფიქრს, მოლოდინს. შესაძლოა არაფერი ვიცოდეთ ამ კონკრეტული ქალის და ოთახის შესახებ. მაგრამ ვაკვირდებით მის ყოფას, შრომას, მოქმედებების უსასრულო სერიას (ძალიან კარგად ნაცნობს, მაგრამ ზოგჯერ ყურადღების მიღმა დარჩენილს), ყოველგვარი შელამაზების, აჩქარების გარეშე. უბრალოდ ვუყურებთ, ვხედავთ ამ შრომის ვიზუალიზაციას, ერთგვარ სახელდებას და მას ასე მარტივად ვეღარ ავარიდებთ თვალს. კინოს შეუძლია ხილული გახადოს ყოველი ჟესტი, მოქმედება, საკითხი, არსებობის ნიუანსი თუ ურთიერთობის ფორმა - ზრუნვა და ჩაგვრაც. ოთახში დაფიქსირებული ქალის ბრძოლა და სასოწარკვეთაც, ზრუნვის ძალა და ექსპლუატაციის შესაძლო საფრთხეც.


არსებობის მტკიცებულება როგორც ვიზუალური რეპრეზენტაცია და ხმის გაჟღერება


როგორ შეიძლება კინო, ხელოვნება და კვლევის პროცესი იქცეს დამხმარე შესაძლებლობად ისეთ საკითხზე საუბრისას, როგორიცაა - ზრუნვის შრომა? როგორ შეუძლია შემოქმედებით ან აკადემიურ პროცესს კონრკეტული ჯგუფის შრომის ხილვადობის გაძლიერება და რეპრეზენტაცია საზოგადოებაში? კინოს აქვს უნარი იქცეს ვიზუალურ მტკიცებულებად - კონკრეტული ადამიანის, ამბის ან საკითხის არსებობის მანიფესტაციად. ეს ეხება საშინაო და ზრუნვის შრომასაც, ყოველდღიურს, რუტინულს და ხშირად უხილავად დარჩენილსაც. საკითხის კრიტიკულად გააზრების შესაძლებლობით, შემოქმედებითი ფორმების, ემოციური შრეების მოხელთებით და უსამართლობის წინაშე წინააღმდეგობის და სოლიდარობის იმპულსების შემოტანითაც კი. კინოს ყურების კოლექტიური აქტი ადამიანებს რამდენიმე საათის განმავლობაში ზოგჯერ აქცევს თანამოაზრეებად და შემდგომ შეიძლება უბიძგოს დისკუსიისკენ, მსჯელობისკენ. უბრალოდ მსგავსი გამოცდილების აღმოჩენის ძალასაც კი აქვს მნიშვნელობა. როცა ისეთ სენსიტიურ თემაზე ვსაუბრობთ, როგორიც ზრუნვის შრომაა, რომლის საზღვრების დაწესება და შრომად მოაზრება ზოგჯერ რთულია, მაგრამ ხელოვნებას თუნდაც მცირე იმპულსების გაჩენით შეუძლია კონკრეტული ჯგუფის გაძლიერება და ხილვადობის გაზრდა.


ზრუნვა და სოლიდარობა: ფრაგმენტები კინოს ისტორიიდან


კინოს ისტორია სავსეა ხმაურიანი მანიფესტებით, ქალთა მოძრაობების, შრომითი უფლებების, სოციალური გამოწვევების ექოების ანაბეჭდით, სადაც პირდაპირ ისმებოდა საკითხები, ჟღერდებოდა პრობლემები, იბადებოდა მნიშვნელოვანი იმპულსები (თეორიული თუ პრაქტიკული), შემდგომ იქმნებოდა სადისკუსიო სივრცეც საზოგადოებაში. კინოს ისტორია სავსეა ქალთა დუმილითაც, ჩუმი “აფეთქებებით”, ბრაზით, ვიზუალური იმიჯის გასაგნებული გამოყენებით.

მეტაფორებით, სიღრმისეული გააზრებითაც - რას ნიშნავს ზრუნავდე, ზოგჯერ უპირობოდ, ზოგჯერ საზოგადოებისგან შეუმჩნევლად, უანგაროდ და ეს ზრუნვა იქცეს ექსპლუატაციის წყაროდაც. ზრუნვის უამრავი ფორმა და ემოციური შრე მოქცეულა კინოს ობიექტივში, მათ შორის მოქალაქეობრივი სოლიდარობის ელემენტის შემოტანით, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგალითად - კენ ლოუჩის “მე დენიელ ბლეიქი” I, Daniel Blake, 2016, Ken Loach, ძმები დარდენების “როზეტა” Rosetta, 1999, Jean-Pierre DardenneLuc Dardenne. ფრაგმენტი რეჟისორებთან ინტერვიუდან - "პირველ რიგში, მებრძოლი, გადარჩენილი ქალი გმირის შექმნა გვსურდა. მას მართლა სჯერა, რომ თუ სამსახურს და ადგილს არ იპოვის საზოგადოებაში, უბრალოდ მოკვდება. ამიტომ ჩვენი თავი და კამერა ამ მდგომარეობაში უნდა ჩაგვეყენებინა." Interview: "Rosetta" Directors Jean-Pierre and Luc Dardenne's Cinema of Resistance By Indiewire, November 2, 1999).



მეხსიერების შენარჩუნება


“შეგროვება არა მხოლოდ იმას ასახავს, რაც გულისხმობდა ქალთა სპეციფიკურ საქმეს (სასოფლო-სამეურნეო მოსავლის არასასურველი ნარჩენების შეგროვება), არამედ წარმოაჩენს როგორ ანიჭებენ, დებენ ღირებულებას ქალები - ტრივიალურ ნივთებში, პერსონალურსა ან ემოციურს, შეგროვებულსა და გადარჩენილს. უფრო ფართო მნიშვნელობით კი ეს ტერმინი ასახავს ღირებულების არმქონე, აღმოჩენილი მასალის ხასიათს, რომელსაც დეფინიციის დონეზეც კი არ აქვს ადგილი კინოკულტურაში; მხოლოდ ხელახალი შეფასებისა და გადამუშავების შემდგომ იძენს მნიშვნელობასა და ფასეულობას.“

ლორა მალვი საუბრობს ანიეს ვარდას ფილმზე “შემგროვებლები და მე” The Gleaners & I (2000) Agnes Varda (Laura Mulvey - Afterimages: On Cinema, Women and Changing Times, Reaktion Books; 1st edition (January 1, 2020)


ემოციური კომპონენტის გარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კვლევითი ასპექტიც. ნებისმიერი საკითხის სიღრმისეული, კრიტიკული გააზრება იქცევა გარკვეული ცვლილებების მოტანის წინაპირობად, არსებული შესაძლებლობების, ინსტრუმენტების გამოყენების, ადამიანების ყოფის თუ არსებობის გაუმჯობესების კუთხით. კინო შეიძლება იყოს გარკვეული თვალსაზრისით დაკავშირებული კვლევასთან, მეხსიერების, ამბის, ადამიანის ისტორიის თუ რომელიმე საკითხის ირვლივ სხვადასხვა ნიუასების, გამოცდილებების, თუნდაც წინააღმდეგობრივი ელემენტების შეგროვებით, მოხელთებით. მაგალითად ანიეს ვარდას დოკუმენტური ფილმი “შემგროვებლები და მე” The Gleaners & I (2000) Agnes Varda გვაჩვენებს, როგორ იქცევა კონკრეტული საკითხი თუ თემა - “შეგროვება” ერთგვარ გასაღებად. შესაძლებლობად წავიკითხოთ, ამოვიცნოთ უამრავი მნიშვნელოვანი თემა წარსულსა თუ აწყმოში. შეგროვების სხვადასხვა ასპექტით დაწყებული - კარტოფილის შეგროვება, ქუჩაში გადაყრილი ნარჩენების შეგროვება შიმშილისგან თავის დასაღწევად, შეგროვება სახელოვნებო იმპულსებით თუ თავის გადასარჩენად, ადამიანების უნიკალური პროტრეტების ჩვენებით დამთავრებული (ცალკე შეიძლება საუბარი ამ მხრივ დოკუმენტური კინოს მნიშვნელობასა და ძალაზე, დაამყაროს უნიკალური დიალოგი რეალობასთან, მოიხელთოს სხვადასხვა თემები, ადამიანური გამოცდილებები, ისტორიები თუ სოლიდარობის პრაქტიკები).



ყოველთვის შეიძლება თეორიული და პრაქტიკული ელემენტების გამოყენებით საინტერესო კვლევის მოდელის მოფიქრება. მაგალითად რა პროცესს გამოიღებს ასოციაციის წევრებისთვის ფილმების ყურება, რეფლექსია საკუთარ შრომასა და სათქმელზე. ასევე იგივე ფილმების გაცნობა ფართო აუდიტორიისთვის, როგორ დაინახავენ სხვის შრომას, ან მათთვის ნაცნობი მშრომელების მიერ გადარჩეული ფილმების კონტექსტს? ეს დიალოგის ფორმაც შეიძლება გახდეს მათ შორის, სხვის პრაქტიკაზე, შრომაზე დაფიქრების წყაროც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნებაზე, კულტურაზე წვდომის საკითხიც, რომელიც არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი და რაც გამოწვევას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მუნიციპალური კინოთეატრი. მაგრამ არსებობს დიდი ინტერესი კინოს მიმართ და არაკომერციულ ჩვენებებზე ადამიანების დასწრების მასშტაბიც მოწმობს ამას.


როგორ უმასპინძლებს საოჯახო მშრომელების პროფკავშირი კინოჩვენებებს, მაგალითად 8 მარტის კონტექსტში, საინტერესო გამოწვევა და შანსია, ერთად ისაუბროს ყველამ - კინოზე, უხილავ შრომაზე, ზრუნვის შრომაზე და სოლიდარობის იმპულსებზე.



„შავი გოგონა“ და საბინაო შრომის მატერიალური პირობები

კინო და ზრუნვა: ხელოვნებისა და კვლევის როლი ზრუნვის შრომის ხილვადობაში
Black Girl, Ousmane Sembene, (1966) | კინო და ზრუნვა: ხელოვნებისა და კვლევის როლი ზრუნვის შრომის ხილვადობაში

კინო დიდი ხანია ფუნქციონირებს, როგორც სოციალური ურთიერთობების ვიზუალიზაციის სივრცე - იმ ურთიერთობების, რომლებიც სხვა შემთხვევაში უხილავი შეიძლება დარჩეს. ამ კონტექსტში შრომის, ზრუნვის, ავადმყოფობის საკითხები და ურთიერთობები პარადოქსულ პოზიციას იკავებს: ისინი ცენტრალურია სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, თუმცა დომინანტური კულტურული ნარატივების ფარგლებში სისტემურად მარგინალიზებულია. ოსმან სემბენის ფილმი, „შავი გოგონა“ (La Noire de…, 1966), ამ პარადოქსის მკვეთრ კინემატოგრაფიულ არტიკულაციას წარმოადგენს. იგი აჩვენებს, თუ როგორ ფუნქციონირებს ზრუნვის საკითხი - რასობრივი, ფემინიზებული და პოსტკოლონიური - დომინირების ისეთ სტრუქტურებში, რომლებიც თანაბრად აზიანებს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.


დიუანას, აფრიკიდან საფრანგეთში ემიგრირებული შინამოსამსახურის, შრომა მოიცავს ინტიმურ და ემოციურ შრომას, თუმცა სწორედ ეს ინტიმურობა ხდება ექსპლუატაციის საფუძველი. იგი ამზადებს, ასუფთავებს, უვლის ბავშვს და მუდმივად ხელმისაწვდომია დამსაქმებლებისთვის. ფილმის სივრცითი ლოგიკა - ბინაში გამოკეტვა, ოჯახური რუტინის გამეორება და ორმხრივი მზრუნველობის სრული არარსებობა - ხილულს ხდის იმას, რომ დაღლილობა წარმოიქმნება სტრუქტურულად და არა ინდივიდუალური სისუსტის შედეგად. ეს განსაკუთრებით იკვეთება ბინის დახურულ სივრცეში განმეორებადი ყოველდღიური სცენებით - დიალოგის არარსებობით და ზრუნვის ცალმხრივი ხასიათით. ფილმის ფორმა თავად ქმნის ამ დაღლილობას: სივრცე არ იცვლება, დრო თითქოს ჩერდება, ხოლო დიუნას არ ეძლევა ძალების აღდგენის შესაძლებლობა.


პოსტკოლონიური პერსპექტივიდან, „შავი გოგონა“ ავლენს, თუ როგორ მუშაობს კოლონიური ძალაუფლება ოჯახის პრივატიზებული სივრცის მეშვეობით. პოსტკოლონიური პერსპექტივა აკვირდება იმას, როგორ აგრძელებს კოლონიალიზმის ლოგიკა მოქმედებას ფორმალურად „დამოუკიდებელ“ საზოგადოებებში — ეკონომიკური, კულტურული და გენდერული უთანასწორობის გზით. ამ კუთხით ფილმი აჩვენებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ ისტორიას, არამედ იმ ძალაუფლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც კოლონიალური წარსულის შემდეგაც განსაზღვრავს ადამიანის რეალობას.


დიუანას ტანჯვა არაა არასათანადო მოპყრობის შედეგი, არამედ სისტემითაა განპირობებული, რომელიც მის სხეულსა და ფსიქიკას იყენებს. ავადმყოფობა, სასოწარკვეთა და საბოლოო თვითგანადგურება ფილმში არ არის წარმოდგენილი როგორც პირადი ტრაგედია; ის ჩნდება იმ რეჟიმის წინააღმდეგობაში, რომელიც მზრუნველობას ასიმეტრიულად ანაწილებს. ამგვარად, ფილმი გვთავაზობს ნეოლიბერალური ეკონომიკის კრიტიკას, სადაც სტრუქტურული ძალადობა ინდივიდუალურ წარუმატებლობლად ინიღბება. ნეოლიბერალიზმი აქ გულისხმობს სისტემას, სადაც პასუხისმგებლობა სრულად გადატანილია ინდივიდზე. ფილმში ეს გამოიხატება იმით, რომ დიუანა მუდმივად მუშაობს ზრუნვისა და ემოციური შრომის რეჟიმში, თუმცა მისი შრომა უხილავია და არ იძლევა არც ეკონომიკურ და არც ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას.


დიუანას ხილვადობა და ამავდროულად დუმილი (ის მთელი ფილმის განმავლობაში დუმს, ხოლო მის განცდებს ფილმის ნარატორი ქალის ხმა გადმოსცემს) ასახავს არა მხოლოდ კოლონიურ ჩაგვრას, არამედ ინსტიტუციური პასუხისმგებლობის უარს იმ ადამიანების მიმართ, რომელთა შრომაც უხილავი ან/და დაბალანაზღაურებადია. მისი უუნარობა, გამოხატოს საკუთარი ტანჯვა იმავე სტრუქტურებში, რომლებიც მას ექსპლუატაციას უწევს, ეხმიანება იმ შეზღუდულ ლექსიკას, რომელიც ხელმისაწვდომია შრომის, განსაკუთრებით კი კულტურული და მზრუნველობის შრომის, არარსებობის აღსაწერად. დიუანას ეკრანზე ასახული დუმილი კი აჟღერებს გენდერული ჩაგვრის, კოლონიალიზმის, ნეოკოლონიალიზმისა და „ეკონომიკური ფაშიზმის“ პოლიტიკის შედეგად ჩახშობილი ქალების კოლექტიურ ხმას.


უამრავი საშინაო მშრომელის, ზრუნვის მშრომელის დუმილის და ხმის ექო დაყვება კონკრეტულ გმირს, მისი ჟესტებით, მოქმედებებით, განცდებით. დანაღმულია სამყარო ამ დუმილით, როგორც შანტალ აკერმანის ჟან დილმანის შემთხვევაში, სადაც დიასახლისის რუტინა ბოლოს ფეთქდება. დესტრუქციული აქტებით ავტორები ამ დუმილის პრაქტიკის ჩანაცვლებას ცდილობენ ხილულობით.


დიუანას დუმილი განსაკუთრებით საგრძნობი ხდება იმ სცენებში, სადაც ის კამერის წინ იმყოფება, მაგრამ ვერ ახერხებს საკუთარი მდგომარეობის ვერბალიზებას - მაგალითად, ოჯახურ სივრცეში მისი ყოფნა მხოლოდ ფუნქციურ როლამდეა დაყვანილი. ეს დუმილი ეკრანზე გარდაიქმნება კოლექტიურ ჟესტად, რომელიც ასახავს ქალების ჩახშობილ ხმას გენდერული ჩაგვრის და ეკონომიკური ძალადობის პირობებში.


კინოს შეუძლია გამოავლინოს ის პირობები, რომლებშიც ზრუნვის ან/და დასაქმების საკითხი ექსპლუატაციად გარდაიქმნება და ჯამრთელობას აზიანებს ან ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს. ფილმი დღემდე აქტუალურია: იგი გვაიძულებს, დავინახოთ უხილავი შრომის ფასი და ვაღიაროთ, რომ დომინირების სტრუქტურები რეპროდუცირდება არა მხოლოდ ქარხნებსა და ბაზრებში, არამედ სახლებში, კულტურულ ინსტიტუტებსა და ყოველდღიურ პრაქტიკაში.



ეკრანიდან რეალობაში


ეკრანზე თუ კინოს დარბაზში დაბადებულ იმპულსს, იდეას, კონკრეტული ადამიანის ხმას, ამბავს, ჟესტებს; უბრალოდ არსებობას ვიზუალურ სამყაროში, ხელოვნების ტერიტორიაზე შეუძლია მისცეს ბიძგი თუნდაც ერთ მაყურებელს დაინახოს შრომა - საკუთარი თუ გვერდით მდგომის.



ჩამოტვირთეთ პუბლიკაცია:



შინაარსი მომზადებულია პროექტის „ღირსეული შრომის დღის წესრიგის ხელშეწყობა ოჯახში დასაქმებულებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და ავსტრიის განვითარების სააგენტო. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები.



Comments


bottom of page