top of page

ხელოვნება, შრომა და გამოსახულება

  • Apr 8
  • 3 min read

Updated: 2 days ago


ინტენსიური ბეჭდვის კურსი. საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირი. 4 აპრილი, 2026
ინტენსიური ბეჭდვის კურსი. საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირი. 4 აპრილი, 2026

2026 წლის 4 აპრილს, საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის წევრების მონაწილეობით დავიწყეთ რვა კვირიანი ინტენსიური ბეჭდვის კურსი, ამერიკელი მხატვარი და პროფესორი, ერნესტ ა. ბრაიანტ III-ის ხელმძრვანელობით.


კურსი საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის სახელოვნებო კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ესთეტიკური დისკურსის ხელმისაწვდომობის გაფართოებას და ხელოვნების შექმნაში მონაწილეობას მათთვის, ვისაც აკადემიურ დაწესებულებებში ფორმალური სწავლის საშუალება არ აქვს.


კურსის იდეა განვითარდა ზრუნვის პროფკავშირის წევრებთან დიალოგის ფორმატში. ასოციაცია და პროფკავშირი ხელოვნებასა და სახელოვნებო პროცესებს ხშირად იყენებს პროფკავშირული ორგანიზებისა და საერთო კლასობრივი ინტერესების გამოკვეთის შესაძლებლობად. 2023 წელს თბილისში მოეწყო საოჯახო მშრომელთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით "უხილავი შრომა - უხილავი ხელოვნება".


კურსის პირველი ნაკადის მონაწილეები მხოლოდ საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის წევრები არიან, რომლებიც გაეცნობიან ვიზუალურ წიგნიერებას ხელოვნებისა და მსოფლიო ისტორიის არტეფაქტების მეშვეობით. ვიზუალური წიგნიერება გულისხმობს სურათების წაკითხვას, ინტერპრეტაციას და შექმნას კრიტიკული ცნობიერებით - ვიზუალური შინაარსიდან მნიშვნელობის მიღებას და არა მის უბრალოდ მოხმარებას.


კურსის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია ერნესტ ა. ბრაიანტ III. ერნესტი არის მხატვარი და კრიტიკოსი, რომელსაც ინტერდისციპლინარული ხელოვნების გამოცდილება აქვს. მას აქვს ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მინეაპოლისის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯიდან; მაგისტრის ხარისხი იელის უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლაში, სადაც ფოკუსირებული იყო კრიტიკულ თეორიაზე, ახალ მედიასა და ბეჭდვაზე; და მეორე მაგისტრის ხარისხი ხელოვნების წერასა და კრიტიკაში ნიუ-იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლაში, სადაც მისი ფოკუსი იყო ხელოვნება და საზოგადოების ურთიერთობა ბუნებასთან, კონსერვაციასთან და უსახლკარობასთან.


ბრაიანტი არის ონლაინ სერიის „კრიტიკა + ღირებულება“ დამფუძნებელი და წამყვანი, სადაც წარმოდგენილი, განხილული და სტუმრებთან ერთად ვორქშოფების სახით წარმოდგენილი ექსპერიმენტული ესეები იქმნება. მინეაპოლისში, მინესოტაში დაბადებული ბრაიანტი არის ხელოვნების კლინიკური ასისტენტ-პროფესორი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, გალატინის ინდივიდუალური სწავლების სკოლაში, სადაც ასწავლის ხელოვნებას და ხელოვნების წერას/კრიტიკას. მან ისწავლა ვიზუალური ხელოვნება აკადემიურ და საზოგადოებრივ გარემოში. მისი ნამუშევრები და მიდგომა მხატვრული გამოსახულების შექმნის და კრიტიკული აზროვნების გასაყარზე სწავლებას გამორჩეულად საინტერესო პროცესად აქცევს.


საქართველოში საოჯახო შრომა არაფორმალური და დაუცველია. ამ სფეროში დასაქმებულებს არ აქვთ წვდომა შრომით უფლებებზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე; უწყვეტი, შეუსვენებელი მუშაობის გამოცდილება კი მათ დასვენების, აღდგენისა და სოციალიზაციის დროს არ უტოვებს. აღნიშნული სწავლება არის მცდელობა, წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეალობას ხელოვნების შექმნით, სწავლითა და შემოქმედებითი სიხარულის გაზიარებით.


მონაწილეები ისწავლიან ბეჭდვის სხვადასხვა ტექნიკას - ფროტაჟს, ლინოგრავიურას და ჭედვას, რაც თითოეულ მეთოდს უფრო ფართო კვლევის ფარგლებში ათავსებს იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა, ვრცელდებოდა და იგებოდა გამოსახულებები დროთა განმავლობაში. მონაწილეები იკვლევენ არა მხოლოდ ტექნიკას, არამედ მასში ჩადებულ იდეებსაც: შრომის ფორმებს, მასალას, ავტორობასა და გამოხატვას შორის კავშირის საკითხებს.


კურსის მთავარი ტექნიკა ლინოგრავიურა რელიეფური ბეჭდვის ფორმაა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა, როგორც ხის კვეთის ევოლუცია. ლინოლეუმის რბილი ზედაპირი მას უფრო მოქნილს ხდის მჭრელის ხელისთვის, რაც მას გამოსახულების შექმნაში ხელმისაწვდომ, მაგრამ ამავდროულად ექსპრესიული გამოხატვის შესაძლებლობას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადრეული კრიტიკოსი მასალას არასაკმარისად დახვეწილად მიიჩნევდა, მხატვრებმა, მათ შორის პაბლო პიკასომ და ანრი მატისმა, აღიარეს მისი თამამი, გრაფიკული ნამუშევრების შექმნის უნარი და მათმა ჩართულობამ ხელი შეუწყო მის დამკვიდრებას სახვითი ხელოვნების სფეროში. ეს ისტორია შემთხვევითი არ არის ამ სახელოსნოსთვის. ლინოგრავიურა, როგორც უგულებელყოფილი მასალა, რომელიც მოგვიანებით აღიარეს სახელოვნებო გამოხატვის ფორმად, მიზანმიმართულად შეირჩა კურსისთვის და იგი თავისთავად ეხმიანება საოჯახო შრომაში ჩართულთა კულტურული მოღვაწეობის აღიარების საკითხს.


სტუდიურ გარემოში ერთად მუშაობისას, რომელიც ხაზს უსვამს როგორც პროცესს, ასევე კოლექტიურ მოქმედებას, აზრის ძიებას, მონაწილეები შექმნიან დაბეჭდილი ნამუშევრების სერიას ერნესტ ა. ბრაიანტ III-ის ხელმძღვანელობით.


ნამუშევრები პირველად გამოფენილი იქნება ნეაპოლში (იტალია), სადაც საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირი საოჯახო მშრომელების სახელოვნებო ნამუშევრებს გამოჰფენს Fondazione Campania dei Festival-ის ფარგლებში. ფესტივალზე ინა ჩარკვიანი, საოჯახო და ზრუნფის მშრომელების პროფკავშირის თანადამფუძნებელი ნამუშევრების წარდგენის პარალელურად გამართავს დისკუსიას საოჯახო შრომაში ჩართული ადამიანების ცხოვრებაზე და შრომაზე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ნეაპოლში მცხოვრები ემიგრანტები. დამთვალიერებლებს ექნებათ საშუალება გაიცნონ საქართველოში მათ მსგავს შრომაში მყოფი ადამიანების გზავნილი, სახელოვნებო ფორმით.



 
 
 

Comments


bottom of page