სახლიდან სახლში - ოჯახში დასაქმება და თავისუფალი დრო
სამ წელზე მეტია, ზრუნვის და საოჯახო მშრომელების ასოციაციასა და პროფკავშირში რეგულარულად ტარდება საკონსულტაციო შეხვედრები, სადაც ოჯახში დასაქმებული ქალები გვიყვებიან თავიანთ შრომის პირობებსა და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე, ჩვენ კი ველაპარაკებით ოჯახში აუნაზღაურებელი შრომისა და ოჯახში ანაზღაურებადი დასაქმების ბუნებაზე, შრომით და სოციალურ უფლებებზე, საერთო ინტერესების გამოკვეთისა და სოლიდარობის სიკეთეებსა და საჭიროებაზე.
ოჯახში დასაქმებული ქალების მონათხრობი, მათი ასაკისა, დასაქმების ფორმისა თუ სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, გასაოცრად მსგავსია. თითქმის ყველა მათგანი საუბრობს ხანგრძლივ სამუშაო საათებზე, არაპროგნოზირებად გრაფიკზე, მუდმივ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლაზე, პირადი დროის დეფიციტსა და საკუთარი საჭიროებების უკანა პლანზე გადატანაზე. მათი ყოველდღიური შრომისა და ცხოვრების გამოცდილება აჩვენებს, რომ თავისუფალი დრო, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა და დასვენება ბევრი საოჯახო მშრომელისთვის უბრალოდ ფუფუნებაა.
სწორედ ამ ასობით ქალის თითქმის იდენტურმა ისტორიამ გაგვიჩინა სურვილი, საკითხი უფრო მეთოდურად შეგვესწავლა. მხოლოდ ცალკეული ისტორიების მოსმენა აღარ იყო საკმარისი - საჭირო გახდა იმის კვლევა, თუ როგორ აღიქვამენ საოჯახო მშრომელები თავისუფალ დროს, მიუწვდებათ თუ არა ხელი კულტურულ ცხოვრებაზე, აქვთ თუ არა დრო დასვენებისთვის და ენერგიის აღდგენისთვის და რა ფაქტორები ზემოქმედებს თავისუფალი დროის ფლობასა და კულტურულ ცხოვრების შესაძლებლობაზე.
კვლევა ოჯახში დასაქმებულ 15 ქალთან ჩატარებულ ჩაღრმავებულ ინტერვიუს ეყრდნობა. რესპონდენტებს შორის არიან სტანდარტული, სადღეღამისო და არასტანდარტული სამუშაო გრაფიკით დასაქმებული ძიძები და საოჯახო დამხმარეები.
კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ ოჯახში დასაქმებული ქალების თავისუფალი დროისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის შეზღუდვა პირადი არჩევანის ან ინდივიდუალური ცხოვრების წესის შედეგი არ არის. იგი შრომითი და სოციალური უთანასწორობის სტრუქტურული გამოვლინებაა, რომელიც დაკავშირებულია როგორც ანაზღაურებად, ისე აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომასთან.
კვლევა მომზადდა საქართველოს ზრუნვის და საოჯახო მშრომელების პროფკავშირისა დამფუძნებელი წევრების თამუნა ჟიჟიაშვილის, ხათუნა ხიჯაკაძის და ჯილდა გერგედავას მიერ.
კვლევის მიზანია, კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით ხელი შეუწყოს ოჯახში დასაქმებული ქალების კულტურულ ცხოვრებაზე ხელმისაწვდომობას, დასვენებისა და სოციალიზაციას და სოლიდარობაზე დაფუძნებული ორგანიზების გაძლიერებას.
ამ კვლევის მომზადების მიზანი არ ყოფილა საკუთრივ კვლევის გამოქვეყნება. ჩვენ ვგეგმავთ, კვლევის მიგნებებისა და დასკვნების საფუძველზე შევიმუშაოთ გეგმა ოჯახში დასაქმებულთა კულტურულ ცხოვრებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. ამასთან, გვინდა ოჯახში დასაქმებულ ქალებს შევთავაზოთ ისეთი კულტურული, დასვენების და საგანმანათლებლო ღონისძიებები - მაგ. ექსკურსიები, თეატრსა თუ კინოში ერთობლივი წასვლა, წიგნის, ხელოვნების თუ კულინარიის წრეები და კლუბები - რომელთა ფარგლებში ერთმანეთს შევუთავსებთ დასვენებას,
ენერგიის აღდგენას და პროფკავშირულ ორგანიზებას, საერთო ინტერესების გამოკვეთას და სოლიდარობის შენებას.




Comments