top of page

საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირის სივრცის მხარდამჭერის კამპანია

8 hours ago
2 min read

საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირმა თაბუკაშვილის 14-ში მდებარე სივრცის შესანარჩუნებლად მხარდამჭერთა კამპანია დაიწყო. ინიციატივის მიზანია, პროფკავშირმა ფინანსურად რთული გარდამავალი პერიოდი გადალახოს და შეინარჩუნოს ადგილი, რომელიც საოჯახო მშრომელებისთვის შეხვედრის, ცოდნის გაზიარების, პროფესიული განვითარების, შრომითი უფლებებისთვის ბრძოლისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს.




საოჯახო მშრომელთა პროფკავშირი და ასოციაცია 700-ზე მეტ ოფიციალურ წევრს აერთიანებს და საქართველოში პროფკავშირული ორგანიზების ახალი ფორმების განვითარებაზე მუშაობს. მისი წევრების დიდი ნაწილი დაბალშემოსავლიანი მშრომელია, რომელთაც სოციალური დაცვის მექანიზმებზე შეზღუდული წვდომა აქვთ.


ნოემბრიდან სივრცის ყოველთვიური, 2000-ლარიანი ქირის გადახდა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ გამოწვევად იქცა. სივრცის დასაცავად გამოცხადებული კამპანიის მიზანი ექვსი თვის განმავლობაში 100 მხარდამჭერის გაერთიანებაა, რომელთაგან თითოეული ყოველთვიურად 20 ლარს გაიღებს.

სივრცე მხოლოდ სამუშაო შეხვედრებისთვის განკუთვნილი ადგილი არ არის. აქ ყოველთვიურად ოცზე მეტი ახალი ადამიანი იღებს კონსულტაციას შრომითი უფლებების შესახებ და ეცნობა ღირსეული დასაქმების შესაძლებლობებს. აქვე ტარდება ბავშვთა აღზრდის შესახებ პროფესიული სწავლებები, ფუნქციონირებს საოჯახო მშრომელთა სახელოსნო, იმართება კინოჩვენებები, ავტორებთან შეხვედრები და სხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები. პროფკავშირი სივრცეს სხვა ჯგუფებსაც უზიარებს, რომლებსაც შეკრებისა და ორგანიზებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადგილის საჭიროება აქვთ.


კამპანიას საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა. პირველ დღეებში ათეულობით ადამიანმა გამოთქვა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერის სურვილი. ეს თანადგომა არა მხოლოდ სივრცის შენარჩუნების შესაძლებლობაა, არამედ ნდობისა და საერთო პასუხისმგებლობის გამოხატულებაც.


მხარდამჭერთა ნდობის გასამყარებლად პრპფკავშირი ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულებას იღებს: კამპანიის ფარგლებში მიღებული თანხებისა და გაწეული ხარჯების შესახებ ყოველთვიური საჯარო ანგარიშები გამოქვეყნდება.


ოქტომბრის პირველი ანგარიშის თანახმად, პროფკავშირის ანგარიშზე უკვე 3092 ლარი შეგროვდა - თანხა, რომელიც ოქტომბრის ქირის გადასახდელად საჭირო ოდენობას აღემატება. ეს შედეგი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების ერთობლივი ძალისხმევა.


კამპანია გრძელდება. პროფკავშირი კვლავ ეძებს მხარდამჭერებს, რომლებიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიური 20-ლარიანი შენატანით დაეხმარებიან სივრცის შენარჩუნებაში.


საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირისთვის ეს კამპანიის მიზანია იმ ადგილის შენარჩუნება, სადაც მშრომელებს შეუძლიათ მიიღონ ცოდნა, იპოვონ მხარდაჭერა, განავითარონ პროფესიული შესაძლებლობები და ერთობლივი მოქმედებით დაიცვან საკუთარი უფლებები.

Comments


bottom of page