ასოციაციის და პროფკავშირის დასაქმების სერვისის შესახებ
დღეს ორი წელი გახდა, რაც ასოციაციისა და პროფკავშირის სახელით ოჯახში დასაქმებულ ქალებს დასაქმების სერვისს ვთავაზობთ.
ეს მიმართულება ასოციაციამ და პროფკავშირმა მისი ღირებულებების და მიზნების შესაბამისად შექმნა. ჩვენი დასაქმების სერვისი პრინციპულად განსხვავდება დასაქმების სააგენტოების გავრცელებული პრაქტიკისგან - ჩვენი მიზანია, ოჯახში დასაქმება ეტაპობრივად მოექცეს შრომითი ურთიერთობისა და კანონმდებლობის ფარგლებში და როგორც დასაქმებულმა, ისე დამსაქმებელმა იცოდეს საკუთარი უფლებები და პასუხისმგებლობები.

ჩვენი მთავარი პრინციპი წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებაა.
ოჯახში დასაქმებული ქალებისთვის ჩვენი სერვისი სრულიად უფასოა. პრინციპულად უარს ვამბობთ სამსახურის მაძიებელი ადამიანებისგან საფასურის აღებაზე - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი გადაუდებლად ეძებს სამუშაოს და ხშირად ფინანსურად მოწყვლად მდგომარეობაშია.
სერვისის ღირებულებას იხდის ოჯახი და ის ერთჯერადად 300 ლარს შეადგენს. ეს არის მინიმალური თანხა, რომელიც ფარავს იმ სამუშაოს, რომელსაც ასოციაცია დასაქმების პროცესში იღებს საკუთარ თავზე: ოჯახის და სამუშაოს მაძიებლის საჭიროებების გაცნობას, შესაბამისი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას, წინასწარ შეხვედრებსა და კონსულტაციებს, შრომითი უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმირებას, წერილობითი ხელშეკრულების მომზადებას და, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ კონსულტაციასა და შრომითი ურთიერთობის მონიტორინგს.
დღემდე ჩვენი სერვისის საშუალებით 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ჩვენი წევრები რეგულარულ შეხვედრებზე ეცნობიან შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს და სტანდარტებს, რომლებიც ღირსეული და სამართლიანი დასაქმების საფუძველია.
გვიხარია, რომ ბოლო წლებში ოჯახში დასაქმების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გაიზარდა შრომის ღირებულება, გაუმჯობესდა სამუშაო პირობები და სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს შრომით უფლებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში დასაქმება კვლავ არაფორმალურ შრომად რჩება, გვჯერა, რომ ამ ცვლილებებს მოჰყვება შრომის ფორმალიზაცია შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკით და ადამიანების სოციალური დაცულობის გაუმჯობესებით.
მადლობა ყველა ჩვენს წევრს, ოჯახსა და მხარდამჭერს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს.
ამასთან, მოვუწოდებთ დასაქმების სააგენტოებსაც, შეცვალონ არსებული პრაქტიკა - დანერგონ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება და შეამცირონ სამსახურის მაძიებლებისთვის დაწესებული გადასახადი, რომელიც ხშირად შეუსაბამოდ მაღალია ოჯახში დასაქმებული ადამიანების შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.



Comments