საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირის ბავშვზე ზრუნვის პროფესიული კურსი
Updated: 2 hours ago
საპილოტე სწავლება

5 სექტემბერს საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირმა დაიწყო პროფესიული გადამზადების პროგრამის საპილოტე სწავლება.
პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს ჩვილ და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდისა და მეთვალყურეობის პრაქტიკა და აამაღლოს საზოგადოების ცოდნა ბავშვთა სოციალურ-ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებით.
კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს ბავშვთა ქცევაზე დაკვირვება და საჭიროებების ამოცნობა, მისი განვითარების ეფექტური მეთვალყურეობა და ქცევის მხარდამჭერი მართვა.
პროგრამა უპირველესად გათვლილია ძიძების პროფესიული უნარების ამაღლებაზე, თუმცა სასარგებლო იქნება სოციალური მუშაკებისა და სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანებისთვისაც.
კურსს საფუძველი ოთხი წლის წინ ჩაეყარა. პროგრამა შევქმენით ბავშვთა ფსიქოლოგების და ქცევის თერაპევტების - თინათინ ანთიძე, ანა სირაძე, მარია ვართანიანი, ნანა ნაცაური, ელენე გურგენიძე, ზურა გაბუნია, თამთა გვიშიანი - მხარდაჭერით და ჩართულობით მაშინ, როცა ასოციაცია ჯერ კიდევ რეგისტრირებული არ იყო. დღეს ტრენინგს მისი შინაარსის შემქმნელები ახორციელებენ.
ამჟამად კურსი აკრედიტაციის პროცესშია.
პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვთა განვითარების შესახებ საზოგადოებრივი ცოდნის ამაღლებას და აღმზრდელების პროფესიული ცოდნისა და უნარების გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, ბავშვზე ზრუნვის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი პროფესიული ცოდნა, თავდაჯერება და შესაძლებლობა, ხოლო ოჯახებში მათი დასაქმება უფრო ღირსეულ, უსაფრთხო და საიმედო პირობებში ხდებოდეს.
მიმდინარე საპილოტე ჯგუფი სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში განხორციელდება. კურსში მონაწილეობის მსურველები შემოგვიერთდით პროფკავშირში და თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს სოციალურ ქსელზე - კურსზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაგიზიარებთ.
მადლობა ამ მნიშვნელოვან პროცესში ყველა მხარდამჭერს - საპილოტე სწავლება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება, აკრედიტაციის პროცესში მხარს გვიჭერენ ექსპერტის ფრანსი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.



Comments