top of page

ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის  პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

Jan 23
8 min read

Updated: 33 minutes ago



საქართველოს ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაცია (შემდგომში - ასოციაცია), წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი მიზანია საოჯახო მშრომელების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, დახმარება და გაძლიერება, მათ შორის, მათი პროფესიული და სამართლებრივი მხარდაჭერის, კონსულტირების, დასაქმების ხელშეწყობის და დასაქმების პირობების განსაზღვრის გზით. 

ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების პროცესში, ასოციაცია მოწოდებულია დაიცვას ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობა და პერსონალური მონაცემები. 


  1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანი და მოქმედების სფერო


    1.1 ასოციაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (შემდგომში - პოლიტიკა) მიზანია, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ასოციაციის მიერ საქმიანობის პროცესში ასოციაციის წევრებთან, ღონისძიებებთან, საოჯახო მშრომელების დასაქმებასთან და პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგადი წესების და პრინციპების თაობაზე, ასევე, მონაცემთა სუბიექტებს მიაწოდოს ინფორმაცია მათი უფლებების და ამ უფლებების რეალიზების მექანიზმების შესახებ.

    1.2 პოლიტიკა ვრცელდება ასოციაციის მიერ ფიზიკური პირების (ასოციაციის წევრების, დასაქმების კანდიდატების/დასაქმებულების, ღონისძიებების მონაწილეების) პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესებზე (მათ შორის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებთან ერთად და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)). 

    1.3 საკითხები, რომელიც არ არის მოცემული ამ პოლიტიკის დოკუმენტში, რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 


2. მონაცემთა დამუშავებაში მონაწილე პირები და მათი როლები


2.1 ასოციაცია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად და კონკრეტული მონაცემთა დამუშავების პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე მოქმედებს შემდეგი წესებით:

ა) ასოციაციის წევრების პერსონალური მონაცემების დამუშავებას ასოციაცია ახორციელებს დამოუკიდებლად, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი;ბ) ამ პოლიტიკით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ყველა სხვა პროცესს (გარდა, ასოციაციის წევრების მონაცემების დამუშავებისა) ახორციელებს სხვა ორგანიზაციასთან ერთად, როგორც თანადამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, როდესაც მონაცემთა დამუშავების მიზნები და საშუალებები ერთობლივად განისაზღვრება.

2.2 ასოციაცია და მისი პარტნიორი ორგანიზაცია, როგორც თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები, განსაზღვრავენ მხარეთა შორის პასუხისმგებლობებს, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების, უფლებების განხორციელებისა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების ვალდებულებებს თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს შორის გაფორმებული შეთანხმებით და მონაცემთა დამუშავების პროცესების აღწერის დოკუმენტებით.


3. ტერმინთა განმარტება


3.1 ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:


ა) პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;

ბ) მონაცემთა დამუშავება − პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;

გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;

დ) თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ორი ან ორზე მეტი პირი, რომლებიც ერთობლივად განსაზღვრავენ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს;

ე) მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;

ვ) პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;


3.2 ამ დოკუმენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.


  1. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები 


ასოციაცია მონაცემთა დამუშავების პროცესში ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) კანონიერება, სამართლიანობა და გამჭვირვალობა - ასოციაცია აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს კანონიერად, თითოეული მონაცემთა დამუშავების პროცესისთვის წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით და სუბიექტის ღირსების დაცვით. გამჭვირვალობის მიზნით ასოციაცია უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებას მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების შესახებ;

ბ) მიზნის შეზღუდვა - მონაცემთა დამუშავების თითოეული პროცესისთვის ასოციაცია მკაფიოდ და კონკრეტულად განვსაზღვრავს მონაცემთა შეგროვება/მოპოვებისა და შემდგომი დამუშავების კანონიერ მიზნებს. ასოციაციაში დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნებით;

გ) მონაცემთა მინიმიზაცია - ასოციაცია აგროვებს და ამუშავებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული კანონიერი მიზნების მისაღწევად. ამასთან, ასოციაცია უზრუნველყოფს, რომ დამუშავებული მონაცემების კატეგორია, შინაარსი და მოცულობა არის თანაზომიერი, ადეკვატური და პროპორციული კანონიერ მიზანთან მიმართებით;

დ) მონაცემთა სიზუსტე და ნამდვილობა - ასოციაცია დგამს გონივრულ ნაბიჯებს, რომ ასოციაციის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები იყოს ნამდვილი, ზუსტი და საჭიროებისამებრ განახლებული. დამუშავების მიზნების გათვალისწინებით ასოციაცია როგორც თავისი ინიციატივით, ასევე მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით ახდენს არაზუსტი მონაცემების გასწორებას, წაშლას ან განადგურებას;

ე) მონაცემთა შენახვის ვადის შეზღუდვა - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადებისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნების გათვალისწინებით, ასოციაციას თითოეული მონაცემთა დამუშავების პროცესისთვის განსაზღვრული აქვს მონაცემთა შენახვის ვადა და ვადის გასვლის შემდგომ ხდება მონაცემთა წაშლა, განადგურება ან მხოლოდ დეპერსონალიზებული ფორმით შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მონაცემთა შემდგომი შენახვა განსაზღვრულია კანონით ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად;

ვ) მონაცემთა უსაფრთხოება - ასოციაციის მიერ მიღებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვის, განადგურებისა და დაზიანებისაგან;

ზ) ანგარიშვალდებულება - ასოციაცია იცავს მონაცემთა დამუშავების პრინციპებს, ახდენს ამ პრინციპების, კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების და მონაცემთა სუბიექტის უფლებების პატივისცემისა და დაცვის დემონსტრირებას, მათ შორის, ამ პოლიტიკის დანერგვით, შესაბამისი პროცედურების განახლებითა და მონაცემთა უსაფრთხოებისთვის ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღებით. 


  1. მონაცემთა სუბიექტების წრე


ასოციაცია ამუშავებს შემდეგი პირების შესახებ ინფორმაციას:

ა) ასოციაციის წევრები; 

ბ) დასაქმების მსურველი პირები/დასაქმებულები (საოჯახო მშრომელები);

გ) ღონისძიების მონაწილეები.


6. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები


ასოციაცია მონაცემებს ამუშავებს შემდეგი ძირითადი მიზნებით: 

ა) ასოციაციის სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების და ძირითადი საქმიანობის ეფექტიანი შესრულება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი მიზნებით: ასოციაციის წევრების, საოჯახო მშრომელების ინტერესებისა და უფლებების დაცვა, დახმარება, მათ შორის, მათი პროფესიული და სამართლებრივი მხარდაჭერა, კონსულტაციის გაწევა; 

ბ) საოჯახო მშრომელთა დასაქმების ხელშეწყობა (მათ შორის, დასაქმების კანდიდატების შერჩევა და მათი შეფასების პროცესის მხარდაჭერა), საოჯახო მშრომელთა დასაქმების პირობების განსაზღვრა და მათი დაცვის უზრუნველყოფა;

გ) საოჯახო მშრომელებისთვის/ასოციაციის წევრებისთვის/საოჯახო შრომის საკითხებზე ტრენინგების, საკონსულტაციო შეხვედრების, კურსების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება, ადმინისტრირება და მართვა; 

დ) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციის მართვა, წევრის უფლება-მოვალეობების შესრულების ხელშეწყობა, ორგანიზაციის საქმიანობაში მათი ჩართვა;

ე) საოჯახო მშრომელებთან კომუნიკაცია, მათი ინფორმირება; 

ვ) ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, პროექტის დაგეგმვა/განხორციელება, სტატისტიკის წარმოება და ანალიზი, ასოციაციის საქმიანობის წარმოჩენა, ღონისძიებების პოპულარიზაცია;ზ) ანგარიშგება;

თ) პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება: ასოციაციის და პარტნიორების ღონისძიებების, შეთავაზებების, სერვისების შესახებ ინფორმირება.


7. დამუშავებული პერსონალური მონაცემები


7.1 ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორცილების ფარგლებში, ასოციაციამ შეიძლება დაამუშავოს მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემები, მაგალითად, განათლება, საქმიანობის სფერო, ასოციაციში გაწევრიანების თარიღი, ხელმოწერა, ცოდნა, უნარები, სასურველი სამსახური, სამუშაო პირობები, ანაზღაურება, ორგანიზაცია/საქმიანობა. 

7.2 მონაცემთა დამუშავების კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, ასოციაცია, ასევე, ამუშავებს სუბიექტების საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, სახელშეკრულებო, ღონისძიების/პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მონაცემებს, ღონისძიების საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაციას, ფოტო/ვიდეო მასალას, ასოციაციის წევრობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას/დოკუმენტაციას.

7.3 პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ფარგლებში, ასოციაცია ამუშავებს მხოლოდ იმ მინიმალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მონაცემთა სუბიექტებთან კომუნიკაციისა და ინფორმირების მიზნით, მათ შორის საკონტაქტო მონაცემს და მონაცემთა სუბიექტის ინტერესების/ სტატუსის შესახებ ინფორმაციას - სეგმენტი/სტატუსი.



8. პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები


8.1 ასოციაცია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით ან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა რომელიმე საფუძვლით, კერძოდ:

ა) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

ბ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; 

გ) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

დ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად; 

დ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

8.2 მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით განხორციელდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

8.3 იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მონაცემების დამუშავების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს, მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ასოციაცია შეწყვეტს მისი მონაცემების დამუშავებას ან/და წაშლის/გაანადგურებს მის შესახებ დამუშავებულ მონაცემებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით. ამ მიზნით მონაცემთა სუბიექტს შეუძლია შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს ასოციაციას ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე. 


9. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა


9.1 ასოციაცია დიდი სიფრთხილით ეკიდება მონაცემთა სუბიექტების და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას. მათ შესახებ პერსონალური მონაცემები მესამე პირებს არ გადაეცემათ, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც მონაცემების გაზიარება საჭიროა მათთვის შესაბამისი მომსახურების გასაწევად, ღონისძიების ორგანიზებისთვის ან/და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ვალდებულება (მაგალითად, სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნა). ასეთ დროს გაზიარებული მონაცემები მკაცრად არის შეზღუდული საჭირო მოცულობით. 

9.2 ასოციაციამ პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებს გადასცეს მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, კანონიერი მიზნითა და პროპორციული მოცულობით, მაგალითად: სხვადასხვა მომსახურების გამწევ პირებს, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტის ეფექტიანი დაგეგმვა/განხორციელების და ანგარიშგების მიზნით; სახელმწიფო დაწესებულებებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით. 

9.3 შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, ასოციაცია პერსონალურ მონაცემებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გადასცემს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები. ხოლო, ისეთ ქვეყნებში, სადაც მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები უზრუნველყოფილი არ არის, პერსონალური მონაცემების გადაცემა განხორციელდება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი წესით.


10. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები


10.1 პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ასოციაციაში ინახება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადებისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნების გათვალისწინებით.

10.2 ასოციაციას თითოეული მონაცემთა დამუშავების პროცესისთვის განსაზღვრული აქვს მონაცემთა შენახვის ვადა და ვადის გასვლის შემდგომ ხდება მონაცემთა წაშლა, განადგურება ან მხოლოდ დეპერსონალიზებული ფორმით შენახვა.

10.3 პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას, მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღირიცხება და ინახება პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.


11. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება


11.1 მონაცემთა დამუშავების პროცესების დაგეგმვისას, ასოციაცია წინასწარ ახდენს რისკების ანალიზს და იღებს სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკურ ზომებს რისკების შესამცირებლად როგორც დამუშავების საშუალებების განსაზღვრისას, ასევე, უშუალოდ დამუშავების პროცესში. 

11.2 ასოციაცია იღებს ადეკვატურ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების დასაცავად უკანონო/არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან. ასოციაცია იცავს მის ხელთ არსებული ელექტრონული და მატერიალური რესურსებისა უსაფრთხოებას შესაძლო საფრთხეების ადეკვატური ფიზიკური, ორგანიზაციული და ელექტრონული კონტროლის მექანიზმებითა და საშუალებებით.

11.3 მატერიალური დოკუმენტები განთავსებულია საკეტით დაცულ ადგილზე. მონაცემებზე თანამშრომელთა წვდომა შეზღუდულია თანამშრომელთა უფლებამოსილების შესაბამისად. ელექტრონულ მონაცემებზე წვდომა ხორციელდება ინდივიდუალური მომხმარებლითა და პაროლით. ელექტრონული მონაცემები ინახება თანამშრომლების განპიროვნებულ კომპიუტერებში, რომლებიც დაცულია პაროლით. პერსონალს მიეწოდება მონაცემთა უსაფრთხოების ინსტრუქციები და ეკისრება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებები.        

11.4 მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტის) გამოვლენის შემთხვევაში, ასოციაცია უზრუნველყოფს მყისიერ და სათანადო რეაგირებას, მათ შორის ინციდენტის შეფასებას, შესაძლო რისკების იდენტიფიცირებასა და შემცირებას,  საჭიროების შემთხვევაში - თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მონაწილეობით, მონაცემთა დამუშავების ერთობლივ პროცესებთან დაკავშირებით. ინციდენტზე რეაგირების, შეტყობინებისა და პასუხისმგებლობების განაწილების კონკრეტული წესები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი შეთანხმებით.                                                    


12. მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვა 


12.1 ასოციაციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტთა უფლებების პატივისცემა და მათი რეალიზების ხელშეწყობა. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნას ასოციაცია განიხილავს და მათზე რეაგირებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში. 

12.2 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს: 

ა) მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროს, შენახვის ვადის, მონაცემთა გადაცემისა და უფლებების შესახებ;

ბ) გაეცნოს მის შესახებ ასოციაციაში დაცულ მონაცემებს და მიიღოს მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;

გ) მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;

დ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;

ე) მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა. ამ შემთხვევაში ასოციაცია იღებს ვალდებულებას დაბლოკოს მონაცემები, თუ: 

  • მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;

  • მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტს არ სურს მათი წაშლა და ითხოვს მხოლოდ მათ დაბლოკვას;

  • მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;

  • მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების თაობაზე მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის განხილვა;

  • არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა;

და მონაცემთა დაბლოკვა საფრთეს არ უქმნის კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ინტერესების დაცვას.

ვ) ნებისმიერ დროს გაითხოვოს/უარი თქვას მონაცემთა დამუშავების თაობაზე მის მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების წაშლა ან განადგურება. ამ შემთხვევაში ასოციაცია შეწყვეტს მონაცემების დამუშავებას, წაშლის ან გაანადგურებს მათ, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს;

ზ) გაასაჩივროს უფლების დარღვევა. კერძოდ, უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს ასოციაციის საკონტაქტო პირს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და/ან სასამართლოს. 

12.3 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში, ასოციაცია უზრუნველყოფს, რომ შეზღუდვა გამოყენებულ იქნას მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან, შეზღუდვის ზომა გამოიყენება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. 


13. პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის პროცედურა

13.1 მონაცემთა სუბიექტს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. 

13.2 შეწყვეტის მოთხოვნა შეიძლება იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება, ან სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებით (ელ. ფოსტა: georgiannannyassociation@gmail.com ან ტელეფონი:

+995 551 81 19 11.

13.3 ასოციაცია უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტისთვის მკაფიო ინსტრუქციას, როგორ გამოიყენოს აღნიშნული საშუალებები. 

13.4 მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ასოციაცია შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას.


14. ასოციაციის საკონტაქტო ინფორმაცია 

პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ასოციაციის საკონტაქტო პირს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: georgiannannyassociation@gmail.com.



 
 
 

Comments


bottom of page