top of page

ყველაფერი ასოციაციის დასაქმების სერვისის შესახებ

  • Writer: Ina Charkviani
    Ina Charkviani
  • Jul 18, 2024
  • 2 min read


ძიძების ასოციაცია, ძიძების სააგენტო, დასაქმება
ასოციაციის დასაქმების მომსახურება 1 აგვისტოდან ამოქმედდება



ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაცია იწყებს დასაქმების მომსახურებას.


ჩვენი მიზანი და საქმიანობა უცვლელია, მაგრამ უკვე 1 აგვისტოდან, იმ ყველაფერთან ერთად, რასაც აქამდე ვაკეთებდით, დასაქმების პროცესის უშუალო მონაწილეები ვხდებით.


ვიწყებთ დასაქმებას ახალი წესებით, ფორმით და ხედვით.


ასოციაციის დასაქმების სერვისის შექმნის მიზანი მოგების მიღება არ არის. სერვისი, როგორც ასოციაციის ახალი მიმართულება საჭირო გახდა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესების შესანარჩუნებლად, როგორიცაა სფეროს კვლევა, უფასო იურიდიული და ფსიქო-საგანმანათლებლო კონსულტაციები, უფასო სატელეფონო კონსულტაცია.


ასევე ასოციაციისთვის საინტერესოა საოჯახო შრომის პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა, რომელიც დასაქმების პროცესის მართვით გახდება შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ მაისში მიღებული კანონის მიხედვით, ან 20%-მდე უნდა შევამციროთ დონორი ორგანიზაციების დაფინანსება, ან დავრეგისტრირდეთ უცხოური გავლენის გამტარი ორგანიზაციების ბაზაში.


ჩვენი დამფუძნებელი წევრების გადაწყვეტილებით, ჩვენ უარს ვამბობთ რეგისტრაციაზე და ვამცირებთ დონორი ორგანიზაციების დაფინანსების წილს. შექმნილ ფინანსურ დანაკლისს ჩაანაცვლებს შემოთავაზებული დასაქმების სერვისის შემოსავალი.


ჩვენი მიზანია, დასაქმების ახალმა სერვისმა ასოციაციის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქცია დააფინანსოს და გრძელვდიანად მოგვცეს ხელშესახები ეფექტი შრომის პირობებზე ცნობიერების გაზრდით, საკანონმდებლო ცვლილებით, სფეროს ფორმალიზებით და ა.შ.


ასოციაციის დასაქმების სერვისმა ოჯახში შრომა უკეთეს გამოცდილებად უნდა აქციოს, როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის.



რა სარგებელი გექნებათ ძიძებს, დამხმარეებს და სხვა საოჯახო მშრომელებს?



  1. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძიძა, ოჯახში დამხმარე არ გადაიხდის გადასახადს. დასაქმება საოჯახო მშრომელებისთვის უფასო იქნება;

  2. ასოცოაციის ბაზაში დარეგისტრირდებით უფასოდ და რეგისტეირებული ძიძები ასევე უფასოდ გაივლით პროფესიულ სწავლებას (ტრენინგს);

  3. ბაზა არსებული ვაკანსიების საფუძველზე ავტომატურად ეძებს საოჯახო მშრომელისთვის შესაფერ ოჯახს უბნის, სამუშაო საათების, სამუშაო პირობების, სამუშაო გარემოს, ხელფასის და სხვა მახასიათებლების მიხედვით;

  4. მოლაპარაკებისას მარტო არ იქნებით, ასოციაციის წარმომადგენელი დაგეხმარებათ იურიდიული საკითხების გარკვევაში;

  5. ხელმისაწვდომი გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;

  6. თუ შვებულების დღეებით ან ავადმყოფობის შვებულებით ვერ სარგებლობთ იმის გამო, რომ ოჯახი დამოკიდებულია თქვენზე, შესაძლებლობა გექნებათ მოითხოვოთ დროებით ჩანაცვლება. ასოციაცია უზრუნველჰყოფს ოჯახისთვის დროებითი კადრის შერჩევას;

  7. საჭიროების შემთხვევაში ასოციაცია გასცემს რეკომენდაციას საოჯახო მშრომელის შესახებ, დამსაქმებელთან წარსადგენად;



რა გაუმჯობესდა დამსაქმებელი ოჯახებისთვის?



  1. გამარტივდა ძიების პროცესი - შეიქმნა მარტივი და უფასო განაცხადის ფორმა, სადაც დეტალურად შეძლებთ აღწეროთ თქვენი მოთხოვნები საოჯახო მშრომელის მიმართ. განაცხადის საფუძველზე ვეძებთ შესაფერ საოჯახო მშრომელს ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა გამოცდილება, საცხოვრებელი უბანი, ხელფასის მოლოდინი, პასუხისმგებლობები, სამუშაო გარემოსგან მოლოდინები და სხვა;

  2. დასაქმების პროცესში გეხმარებათ ასოციაციის წარმომადგენელი - დასაქმების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს იმისთვის, რომ მაქსიმალირად შესაფერი კანდიდატი იპოვოთ. საოჯახო მშრომელის ბაზის ალგორითმი თქვენი განაცხადის პასუხად არჩევს კანდიდატს ან კანდიდატებს, რომლის პროფილი შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. შერჩეულ კანდიდატთან იგეგმება სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის ეტაპზე ასოციაციის წევრები გაგიწევენ პროფესიულ კონსულტაციას დასაქმების პირობებზე და დასაქმებულის შრომით უფლებებზე და თქვენს პასუხისმგებლობებზე;

  3. გაქვთ გამოსაცდელი პერიოდი - თქვენ გაქვთ ერთ კვირიანი გამოსაცდელი პერიოდი, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმებულზე აზრის ჩამოყალიბებაში და გადაწყვეტილების მიღებაში. თუ თქვენ შორის შეთანხმება არ შედგა, ასოციაცია გააგრძელებს თქვენთვის კადრის შერჩევას;

  4. თქვენი დასაქმებულისთვის ხელმისაწვდომია უფასო პროფესიული ტრენინგი - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენთან დასაქმებული ასოციაციის წევრი ძიძისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული სწავლება (ტრენინგი) ასოციაციის აკრედიტებული კურსით;

  5. ხელმისაწვდომია დასაქმებულის დროებით ჩანაცვლების შესაძლებლობა - საჭიროების შემთხვევაში ისარგებლებთ ძიძის, დამხმარის დროებით ჩანაცვლების შესაძლებლობოთ როცა დაგჭირდებათ, ავადმყოფობისთვის, ავადმყოფობისთვის ან სხვა საჭიროებისთვის მისი დასვენება, ან დაგჭირდებათ აგარაკზე გაყოლა;

  6. სერვისისთვის ერთჯერადად იხდის მხოლოდ დამსაქმებელი - სერვისისთვის დამსაქმებელი იხდის ერთჯერადად, მხოლოდ მას შემდეგ რაც საბოლოოდ შეარჩევს შესაფერ კანდიდატს. სერვისის ღირებულება ფიქსირებული 300 ლარია. სერვისისთვის ოჯახი იხდის მხოლოდ ერთხელ და ასოცოაციის ჩამოთვლილი სერვისებით ისარგებლებთ სრული დასაქმების პერიოდში.


განაცხადის რეგისტრაცია უკვე შეგიძლიათ: https://zrunva.vercel.app/


კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ 551 811 911.






Comentarios


bottom of page