top of page

საოჯახო მშრომელების პირველი გაფართოებული შეხვედრა, თბილისი, 2026

  • Jul 21
  • 1 min read

Updated: Jul 22

11 ივლისს, ექსპო ჯორჯიას პავილიონში, საოჯახო მშრომელების პირველი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შევაჯამეთ ასოციაციის და პროფკავშირის საქმიანობის ბოლო ერთი წელი და წარვადგინეთ ახალი კვლევის მიგნებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. ასევე კვლევების მნიშვნელოვან დაკვირვებებს ჩვენს ფეისბუკის გვერდზე გაეცნობით.


მადლობას გიხდით ყველას, ვინც შემოგვიერთდით - ასოციაციისა და პროფკავშირის წევრებს, დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლებს,  საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. თქვენი გვერდით დგომა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველგან არ გვისმენენ, ჩვენი სატკივარი მარტივად ხდება მეორეხარისხოვანი. 


მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციას შეხვედრის სივრცით უზრუნველყოფისთვის და დისკუსიაში მონაწილეობისთვის.


საოჯახო მშრომელების გაფართოებული შეხვედრა პროფკავშირის ინიციატივით გაიმართა და მსგავსი ფორმატით ყოველწლიურად ჩატარდება.

შეხვედრის მთავარი მიზანია საოჯახო შრომაში ჩართულ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს და ღიად იმსჯელონ  მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, საკუთარი გამოწვევები საჯარო სივრცეში გააჟღერონ და საზოგადოებასთან ერთად ვეძებოთ გამოსავლებიც.


 

საოჯახო მშრომელების გაფართოებული შეხვედრა, ექსპო ჯორჯია, თბილისი, 2026
საოჯახო მშრომელების გაფართოებული შეხვედრა, ექსპო ჯორჯია, თბილისი, 2026

საოჯახო შრომა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე უხილავი და დაუფასებელი ქალთა შრომაა ანაზღურებით და ანაზღაურების გარეშე. ამის მიზეზი თანამედროვე ეკონომიკის მოწყობაში უნდა ვეძებოთ და მათი დანახვის შემდეგ ცვლილებისთვის გადავდგათ საერთო და საზოგადოებისთვის საკეთილდღეო ნაბიჯები. 


საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირის წევრები გამოწვევად ვხედავთ საოჯახო შრომის ტვირთს ქალებისთვის, საჯარო ზრუნვის სერვისების სიმწირეს, პრივატიზებული ზრუნვის შრომის პრეკარულობას, მის არაფორმალურობას, მშრომელების დისკრიმინაციას დამსაქმებელი სააგენტოების მხრიდან, პროფესიული განათლების ხელმიუწვდომელობას,  საოჯახო შრომას ემიგრაციაში და ემიგრაციას, როგორც ერთადერთი გამოსავლის მოლოდინს, და ბევრ სხვას.


ვთვლით, რომ ამ გამოწვევებზე რეაგირება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ არის. სახელმწიფოს, საჯარო და  კერძო სექტორს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, აღიარონ ზრუნვის შრომის საჭიროება და მნიშვნელობა, გადაინაწილონ მისი ფასი, უზრუნველჰყონ ღირსეული სამუშაო პირობები დედებისთვის, განავითარონ ისეთი ზრუნვის ინფრასტრუქტურა, რომელიც ადამიანების შრომას და კეთილდღეობას დაიცავს. ჩვენ ამ გამოწვევებზე საუბარს გავაგრძელებთ სხვადასხვა ფორმით. ველოდებით ყველა მშრომელის მხარდაჭერას და შემოერთებას.


ძალა ერთობაშია!



Comments


bottom of page