
უხილავი შრომა, უხილავი ხელოვნება: ოჯახში დასაქმებული ქალები ქმნიან და ასე აღიდგენენ ძალებს
- 1 day ago
- 2 min read
გამოფენა „უხილავი შრომა, უხილავი ხელოვნება“ არის შესაძლებლობა აჩვენოს იმ ქალების შრომა და გამოცდილებები, რომლებიც ანაზღაურებით საოჯახო ზრუნვას ეწევიან, რომელთა შრომაც ხშირად უხილავი, აუნაზღაურებელი და დაუფასებელი რჩება.
ეს გამოფენა არის მატერიაში, ხელშესახებში გადაღვრილი დრო და ფორმა, ყოველდღიური ზრუნვის, ემოციური შრომისა და პასუხისმგებლობების ფონზე შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენა პირველად 2023 წელს თბილისში, მეორედ კი 17-25 ივნისი, 2026 ნეაპოლში მიმდინარე ფესტივალის Fondazione Campania dei Festival ფარგლებში ეწყობა.
საქართველო დღეს ზრუნვის შრომის დონორი ქვეყანაა, ყოველწლიურად ათასობით ქალი ტოვებს საკუთარ ოჯახს და ეკონომიკური შესაძლებლობების საძიებლად საზღვარგარეთ მიემგზავრება, ზრუნვის სფეროში, ძირითადად ოჯახებში იწყებენ შრომას. მათი შრომა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში, ოჯახების და ახლობლების ცხოვრებაში, თუმცა თავად მშრომელები ხშირად მოკლებულნი არიან სათანადო აღიარებას, სოციალურ დაცვასა და შრომით უფლებებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები საქართველოს საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირის წევრ ქალებს ეკუთვნით. მათთვის ხელოვნება არა მხოლოდ თვითგამოხატვის, არამედ საკუთარი გამოცდილების გააზრების საშუალებაა. ქარგვა, ხატვა, ქსოვა და სხვა შემოქმედებითი პრაქტიკა იქცევა პირადი ისტორიების, ტკივილის, იმედისა და გამძლეობის მატარებელ ფორმებად.
გამოფენა ეყრდნობა რწმენას, რომ ხელოვნება შეიძლება იყოს სოციალური ცვლილების, სოლიდარობისა და გაძლიერების ინსტრუმენტი. წარმოდგენილი ნამუშევრები გვთავაზობს შესაძლებლობას დავინახოთ ზრუნვის შრომა არა როგორც უხილავი და თავისთავადი, არამედ როგორც ხელშესახები სიკეთე, საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელიც იმსახურებს ღირსეულ პირობებს, აღიარებასა და მხარდაჭერას.
საჯარო დისკუსია
21 ივნისი, 10:30
Sala Assoli
გამოფენის ფარგლებში გაიმართება საჯარო დისკუსია, რომელიც იტალიაში შინშრომისა და ზრუნვის სფეროში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობას დაეთმობა. საუბარი შეეხება შრომით და სოციალურ გამოწვევებს, უფლებების დაცვის საკითხებსა და ხელოვნების როლს ხილვადობის, სოლიდარობისა და სოციალური ცვლილებების პროცესებში. გეპატიჟებით ყველა ქართველს. დისკუსიის ძირითადი ენა იქნება ქართული.
-
ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელი გახდა გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის პროგრამის შემოქმედებითი კომპასი საქართველოს ფარგლებში. ეს ინიციატივა შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გაცვლისა და თანამშრომლობის გზით გაიღრმავონ ცოდნა და განივითარონ უნარები კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებში. შემოქმედებითი კომპასი საქართველო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი (2023-2027) პროექტია, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დაფინანსებით ხორციელდება.



Comments