შეხვედრა ქართველ საოჯახო მშრომელებთან ნეაპოლში, იტალია
- 3 hours ago
- 2 min read
21 ივნისს 10:30-ზე იტალიის ქალაქ ნეაპოლის თეატრში Salla Assoli გაიმართება საჯარო დისკუსია იატლიაში საოჯახო შრომაში ჩართულ ადამიანებთან. ვისაუბრებთ მათი შრომითი უფლებების და არსებული საჭიროებების შესახებ. გეპატიჟებით ყველა ოჯახში დასაქმებულ ქართველ ემიგრანტს, ვისაც გსურთ საჯარო დისკუსიაში მიიღოთ მონაწილეობა და გამოთქვათ აზრი.
შეხვედრა ფესტივალის Fondazione Campania dei Festival-ის ნაწილია, სადაც საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირი მიიღებს მონაწილეობას გამოფენით: 'უხილავი შრომა- უხილავი ხელოვნება'. ფესტივალი 2007 წლიდან არსებობს და ნეაპოლის და სამხრეთ იტალიის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ფესტივალი ხელოვნების გავლით ცდილობს დააკვირდეს და ისაუბროს ადამიანების ყოფაზე, ხელი შეუწყოს დიალოგს სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ კონტექსტს შორის.

გამოფენას უხილავი შრომა-უხილავი ხელოვნება 2023 წლის 8 მარტს თბილისში ჩაეყარა საფუძველი, როცა ოჯახში დასაქმებული ქალების ინიციატივით და ორგანიზებით შევკრიბეთ იმ ადამიანების ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც ოჯახებში ანაზღაურებად უწყვეტ შრომას ეწევიან და ხელნაკეთი ნივთების შექმნა - ხატვა, ქსოვა, ქარგვა, კერვა ხშირად განტვირთვის, თვითაღდგენის და დასვენების ერთადერთ ფორმად იქცევა ხოლმე. ეს ნივთები ხშირად თავად იძენენ ფორმებს, რომელიც მძიმე, უწყვეტი ფიზიკური და ემოციური ზრუნვის შრომის გამომხატველია.
საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის წევრების ხელნაკეთ ნამუშევრებთან ერთად პირველად გამოიფინება ლინოგრაფიული ნამუშევრები, რომლებიც საოჯახო მშრომელების მიერ შეიქმნა თბილისში ლინოგრაფიის მიმდინარე სწავლების ფარგლებში მხატვარის და ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორ ერნესტ III ბრაიანტის ხელმძღვანელობით.
გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ნეაპოლში მცხოვრები საოჯახო მშრომელები მოგიწვიოთ სახელოვნებო სივრცეში, სადაც შესაძლოა ამ დრომდე არასდროს არავის ულაპარაკია ქართველ მიგრანტთა საოჯახო შრომის შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს სივრცე კულტურულ ღონისძიებაზე დასწრების და ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობას ქმნის, თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და აზრის საჯაროდ გაზიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიგრანტთა შრომაზე საუბრის დასაწყებად, თქვენი, ოჯახში დასაქმებულთა უფლებების და სოციალური დაცვის გაუმჯობესებისთვის ემიგრაციასა თუ სამშობლოში შრომისას.
საოჯახო მშრომელების ასოციაცია და პროფკავშირი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, ოჯახში დასაქმებულ 700-მდე ადამიანს აერთიანებს და იბრძვის საოჯახო შრომის აღიარების და მშრომელთა სოციალური დაცულობისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით საერთაშორისო რეზიდენციის პროგრამის Creative Compass Georgia-ს ფარგლებში. პროგრამა ხელს უწყობს კულტურულ თანამშრომლობას და სოციალურ ინოვაციას საქართველოსა და ევროპას შორის.
გამოფენის ნახვა ფესტივალის მიმდინარეობისას, 2026 წლის 17-დან 25 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.



Comments