top of page

ზოგიერთ ოჯახში დასაქმებულ ქალს სამუშაო საათებში შიმშილი უწევს. ამის მიზეზი, ჩვეულებრივ, დამსაქმებელთან კვების საკითხზე შეთანხმების არარსებობაა. როგორც წესი, ოჯახში დასაქმებულებს ერიდებათ დამსაქმებელთან კვების საკითხის დასმა და საკვებთან ხელმისაწვდომობა ოჯახის მიხვედრილობაზე ხდება დამოკიდებული.

რისი უფლება აქვს დასაქმებულს?

დასაქმებულის უფლებაა, სამუშაო ადგილზე ხელი მიუწვდებოდეს საკვებზე. საქართველოს შრომის კოდექსი ამისთვის ითვალისწინებს შესვენების უფლებას (მუხლი 24.5), რომლის მიხედვით, თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა 6 საათს აღემატება, დასაქმებულს წარმოეშობა ერთსაათიანი შესვენების უფლება.

ოჯახში დასაქმების დროს, ძიძას და დამხმარეს, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ, შესვენების დროს დატოვონ სამუშაო ადგილი. ძიძები დასვენებას და გამოკვებას ცდილობენ მაშინ, როდესაც ბავშვებს სძინავთ. საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას 24 საათიანი დასაქმების პირობებში. ამიტომ, კრიტიკულად აუცილებელია სამუშაო ადგილზე მათ ხელი მიუწვდებოდეთ საკვებზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა გულგრილია საოჯახო მშრომელების მიმართ, სტუმართმასპინძლობის ტრადიციის გათვალისწინებით, ერთგვარ დაუწერელ წესად ჩამოყალიბდა ის, რომ ოჯახი, რომელიც ასაქმებს ადამიანს, იმის ვალდებულებაც აქვს, რომ ის ადგილზე გამოკვებოს. ძიძებს და დამხმარეებს ასეთი მოლოდინი აქვთ და კეთილსინდისიერი ოჯახებიც ასეთ ვალდებულებას გრძნობენ.

თუმცა, მიუხედავად ამ დაუწერელი წესისა, არსებობს შემთხვევები, როცა ძიძებს და ოჯახში დასაქმებულ ქალებს ოჯახში არ ხვდებათ საჭმელი, რის გამოც ისინი განიცდიან მუდმივ თავის ტკივილს, სისუსტეს და თავს გრძნობენ შეუძლოდ, რის გამოც უჭირთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

მოგმართავთ მშობლებს და საოჯახო დამსაქმებელებს: საჭიროა, მკაფიოდ აუხსნათ ძიძებს და დახმარეებს, რომ მათ აქვთ უფლება, გამოიკვებონ თქვენს სახლში. შეგიძლიათ, თავად გაითვალისწინოთ შესაბამისი ულუფა ან ძიძებს დართოთ ნება, თავად მოიმზადონ საკვები სახლში არსებული პროდუქტების გათვალისწინებით. თუ ეს შეუძლებელია, გაითვალისწინეთ, ძიძას მისცეთ ფულადი დანამატი და შეუთანხმდეთ, რომ თავად მოიტანოს საკუთარი საკვები.

ხოლო საოჯახო მშრომელებს კი მოგიწოდებთ, შეთანხმების პირველივე დღეს, ხელშეკრულების გაფორმებისას ან ზეპირი შეთანხმების პირობებში აუცილებლად ცალსახათ და გარკვევით დასვით კვების საკითხი დამსაქმებელთან, რომ თავიდან აიცილოთ გაუგებრობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, საკვებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა და, უპირველესად, მშობლების და საოჯახო დამსაქმებლების ინტერესებშია, ძიძა თუ დამხმარე გამოკვებილი იყოს, რათა ზრუნვის შრომა ხარისხიანად და ენერგიულად შეასრულონ.

ეს საბოლოოდ აისახება ბავშვისა თუ სხვა ზრუნვის მიმღების კეთილდღეობაზე.

*

შინაარსი მომზადებულია პროექტის „ღირსეული შრომის დღის წესრიგის ხელშეწყობა ქალებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ სექტორებში საქართველოში“ ფარგლებში, პროგრესულ ფორუმთან თანამშრომლობით.
პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაციის/ UN Women Georgia, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის/ Embassy of Switzerland in Georgia და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის/ Austrian Development Agency სააგენტოები.

კვების საკითხი

19 იანვარი, 2024

bottom of page