top of page


9 ოქტომბერს ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციის, საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირის ინიციატივით და დიასპორულ მედია AprioriTV-ისთან თანამშრომლობით იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ონლაინ შევხვდით. შეხვედრის მიზანი იყო მოგვეკვლია, ემიგრანტთა მიმდინარე, გადაუდებელი საჭიროებები და დაგვესვა კითხვები უკან დაბრუნების შესაძლებლობაზე, სურვილზე, წინააღმდეგობებზე.

შეხვედრისას გაჟღერებული საკითხების და გაზიარებული აზრების გათვალისწინებით შევადგინეთ 10 კითხვისგან შემდგარი კითხვარი (https://tinyurl.com/446hbht8) და გავავრცელეთ იტალიაში დასაქმებულ ემიგრანტთა ონლაინ პლატფორმებზე.

გამოკითხვაში 53-მა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა, მათი აბსოლიტური უმრავლესობა (90%) საოჯახო მშრომელია. მოცემული პირველადი შედეგების ანალიზი გვინდა შემოგთავაზოთ, როგორც ბიძგი ემიგრანტთა საჭიროებებზე საუბრის დასაწყებად და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.

გამოკითხულთაგან 10-დან 8 ემიგრანტი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ დაბრუნდებოდა ქვეყანაში იგივე ან მსგავსი შემოსავლის ქონის შემთხვევაში. საშუალოდ 3400 ლარია დასახელებული შემოსავალი, რომლის საქართველოში ქონის შემთხვევაშიც, ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტდნენ.

კითხვაზე, 'რა მიმართულებით გსურთ, ან შეგიძლიათ დასაქმება საქართველოში?' თითქმის ნახევრი, 49% მცირე ბიზნესს ასახელებს, ხოლო გამოკითხულთა მესამედი (32%) საქართველოშიც საოჯახო შრომაში ჩასართავადაა მზად.

,,თუ ჩემი იურისტობა არ გამოადგა საქართველოს, ჩემი ბადანტობა* რაში უნდა გამოიყენოს?“ ნინო

დაბალია მოლოდინი, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ისინი დასაქმდებიან პროფესიით, ან საოჯახო შრომაში ჩართვით მიიღებენ იგივე შემოსავალს. ასევე დაბალია მოლოდინი, რომ საქართველოში ისევე დაცულად იგრძნობენ თავს სამუშაო ადგილზე, როგორც ემიგრაციაში (იტალიაში).

,,მომწყინდა თეორიები და იმედის თვალით ყურება. არავის აინტერესებს მორალურად როგორ ვგრძნობთ თავს, რა იმედი უნდა დავინახო?! ყველას უნდა თავის ქვეყანაში იმუშაოს და იყოს დაცული!“ მაიკო

,,საქართველოში სახელმწიფო სამსახურში არ იცავდნენ შრომით კოდექსს და არა მგონია ისე დაიცვან დღეს როგორც ევროპაში.“ ნინო

ემიგრანტებთან შეხვედრისას, რომელსაც 20 ადამიანი ესწრებოდა, ერთ-ერთმა ემიგრანტმა, რომელიც 15 წელზე მეტია, იტალიაში საოჯახო შრომას ეწევა, ემიგრანტების ცხოვრება ციხეს შეადარა, რადგან საქართველოში დარჩენილი მათი ოჯახის წევრები ვერ აუდიან ხარჯებს და მუდმივად გზავნილებზე არიან დამოკიდებული, რაც ემიგრანტებს უკან დაბრუნების უფლებას არ აძლევთ.

,,ძვირია სართველოში ცხოვრება, ფასები ძვირია პროდუქტებზე, გადასახადები მაღალი. ვერ ვბრუნდებით და ტკივილი გვაქვს დიდი. პატიმრები ვართ!“ ინგა

გაჟღერებული აზრი დაადასტურა გამოკითხვამაც, კითხვაზე, ემიგრაციაში ყოფნისას ჩამოთვლილთაგან რა დაგეხმარებოდათ ყველაზე მეტად? 10-დან 7 ემიგრანტი პასუხობს არსებითად იგივეს, “საბაზისო ხარჯის შესაბამისი ხელფასი”, ან “საქართველოში საკვების და პირველადი საჭიროებების გაიაფება”.

ემიგრანტთა აბსოლიტური უმრავლესობა აცხადებს, რომ მუშაობს საქართველოში დარჩენილი ოჯახების ყოველდღიური ხარჯების დასაფარად, როგორიცაა საკვები, ჯანმრთელობა, სწავლა, გადასახადები და სხვა აუცილებელი ხარჯი.

ონლაინ შეხვედრისას მათ ახსენეს, რომ თავს ვერ აძლევენ უფლებას თანხა დაზოგონ საკუთარი საჭიროებისთვის, გაუსაძლისი ფსიქიკური მდგომარეობის შემთხვევაშიც, კი მათთვის ფუფუნებაა მაგალითად ფსიქო-თერაპევტთან საუბარი.

გამოკითხულთა 88% 40 წლიდან 70 წლამდე ასაკისაა, ხოლო 10-დან 4-სთვის ქვეყანა სადაც ახლა იმყოფება პირველი ემიგრაციის ადგილი არ არის, რიგით მეორე, მესამე ან ზოგ შემთხვევაში მეოთხე ქვეყანაა სადაც შრომობს.

ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციის & საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის წევრები 13 და 14 ნოემბერს იტალიის ქალაქ ბარიში ემიგრანტებს შეხვდებიან და შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავენ.

2 ნოემბერი, 2025

bottom of page